როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა? - 9 ნაბიჯი

4 აპრილი, 2023 by
როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა? - 9 ნაბიჯი
Audit company TMC

სწორად შედგენილი ბიზნეს გემა საქმიანობის დაწყებისას წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია, რომელიც დაგეხმარებათ, განსაზღვროთ თქვენი სტრატეგია, ფინანსები, რესურსები და რაც მთავარია, მოიზიდოთ ინვესტორები;

ბიზნეს გეგმის შემუშავება მარტივი საქმე არაა, თუმცა არც იმდენად რთული, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლოთ. შევეცდებით, ამაში ჩვენ დაგეხმაროთ და ამ სტატიაში შემოგთავაზოთ ბიზნეს გეგმის დაწერის 9 ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ საქმეს.


პირველ რიგში, გავერკვეთ, რა არის ბიზნეს გეგმა და რატომ გვჭირდება მისი დაწერა?

ბიზნეს გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც აჯამებს ბიზნესის ოპერატიულ და ფინანსურ მიზნებს. ეს არის ბიზნესის წარმატების საგზაო რუკა დეტალური გეგმებითა და ბიუჯეტებით, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ განხორციელდება მიზნები.


როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა?

ნაბიჯი 1 – შესავალი/ რეზიუმე

ეს არის ბიზნეს გეგმის საკვანძო და უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომლითაც ინვესტორებს არწმუნებთ თუ რატომ უნდა წაიკითხონ თქვენი გეგმა ბოლომდე. ეს არის ერთგვარი შემაჯამებელი ნაწილი თქვენი გეგმისა, ამიტომ მნიშვნელოვანია, გამოყოთ საკვანძო პუნქტები; რეზიუმე არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს და უნდა შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:

  • ბიზნეს კონცეფცია – რა არის, რას გულისხმობს თქვენი ბიზნესი?
  • ბიზნესის მიზნები და ხედვა – რისი გაკეთება და მიღწევა გსურთ? (გაითვალისწინეთ რომ მიზნები უნდა იყოს გაზომვადი და დროში გაწერილი)
  • პროდუქტის აღწერა და დიფერენციაცია – რას ყიდით და რით გამოირჩევა?
  • სეგმენტი – ვინ არის თქვენი მომხარებელი?
  • მარკეტინგული სტრატეგია – როგორ აპირებთ მიწვდეთ მომხარებელს?
  • მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა – რა შემოსავლები გაქვთ, გაქვთ თუ არა საბანკო სესხები, დავალიანებები და ა.შ?
  • საპროექტო ფინანსური მდგომარეობა– რა მოცულობის შემოსავალას ელით?
  • მოთხოვნა – რამდენს ითხოვთ ინვესტიციისთვის?
  • ჩართული მხარეები – ვინ არიან თქვენი პარტნიორები, მეწილეები?

შესავლისთვის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაციაა, თუმცა შეეცადეთ მოკლედ და ლაკონურად შეძლოთ ერთ გვერდზე მოქცევა. თუ თქვენ ინვესტორებსა და დაფინანსებას არ ეძებთ, ეს ნაწილი შეგიძლიათ გამოტოვოთ.

ნაბიჯი 2 – აღწერეთ თქვენი ბიზნესი

თქვენი ბიზნეს გეგმის ამ ნაწილმა უნდა უპასუხოს ორ ფუნდამენტურ კითხვას: ვინ ხართ და რას აპირებთ? ამ კითხვებზე პასუხით თქვენ უნდა განმარტოთ თუ რატომ ხართ ამ ბიზნესში, რით ხართ განსხვავებული, რას აპირებთ სამომავლოდ და რატომ არის თქვენი ბიზნესი კარგი საინვესტიციო ფსონი.

კომპონენტები, რომლებსაც უნდა მოიცავდეს ეს პუნქტი:

  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა (თქვენ ხართ ინდივიდუალური მეწარმე, მცირე მეწარმე, შპს თუ სხვა)
  • ბიზნეს მოდელი
  • ინდუსტრია
  • თქვენი ბიზნესის ხედვა, მისია და ღირებულების შეთავაზება
  • ზოგადი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის ან მისი ისტორიის შესახებ
  • ბიზნეს მიზნები, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი
  • თქვენი გუნდი, ძირითადი პერსონალის ჩათვლით და მათი ხელფასი

ნაბიჯი 3 – წარმოადგინეთ ბაზრის ანალიზი

ბაზრის კვლევა და ანალიზი არის თქვენი ბიზნეს გეგმის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი. აქ უნდა მიმოიხილოთ თუ რამდენად დიდია თქვენი პროდუქციის ბაზარი, როგორი პოზიცია გაქვთ ან გექნებათ ბაზარზე და კონკურენტული მიმოხილვა. ბაზრის ანალიზი მნიშვნელოვანია, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე თქვენი საკუთარი ვარაუდების დასადასტურებლად თქვენი გეგმის შესრულებისას.

ნაბიჯი 4 – ჩამოაყალიბეთ ინფორმაცია მენეჯმენტისა და ორგანიზაციული საკითხების შესახებ

ეს პუნქტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ მართავს თქვენს კომპანიას, რა სამართლებრივი ფორმა აქვს თქვენს ბიზნესს და ა.შ.

თუ თქვენ გყავთ გუნდი, გამოიყენეთ ორგანიზაციული სქემა, რათა აჩვენოთ თქვენი კომპანიის შიდა სტრუქტურა, მათ შორის როლები, პასუხისმგებლობები და ურთიერთობები ადამიანებს შორის თქვენს სქემაში. განმარტეთ, თუ როგორ შეუწყობს ხელს თითოეული ადამიანი თქვენი ბიზნესის წარმატებას.

ნაბიჯი 5 – წარმოადგინეთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი

განსაკუთრებული და თვალსაჩინო ადგილი დაუთმეთ ინფორმაციას თქვენი პროდუქტის ან სერვისის შესახებ. მნიშვნელოვანია, წარმოადგინოთ ვიზუალური მასალა ფოტო/ვიდეოს სახით.

თუ ბევრ ნივთს ყიდით, შეგიძლიათ შეიტანოთ უფრო ზოგადი ინფორმაცია თქვენი თითოეული პროდუქტის ხაზის შესახებ; თუ მხოლოდ რამდენიმეს ყიდით, მიაწოდეთ დამატებითი აღწერა თითოეულზე – დაურთეთ ინფორმაცია მასალის, წარმომავლობის, სამუშაო ტექნიკის შესახებ და სხვა.

ნაბიჯი 6 – განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია

თქვენი იდეალური მომხმარებელი, იგივე სამიზნე აუდიტორია, არის თქვენი მარკეტინგული გეგმის საფუძველი. სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას თქვენ უნდა გაითვალისწინოთ სეგმენტის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაცია:

  • სად ცხოვრობენ ისინი
  • მათი ასაკობრივი დიაპაზონი
  • მათი განათლების დონე
  • გავრცელებული ქცევის ნიმუში
  • როგორ ატარებენ თავისუფალ დროს
  • სადაც მუშაობენ
  • რა ტექნოლოგიას იყენებენ
  • როგორია მათი შემოსავლები
  • მათი ღირებულებები, რწმენა ან მოსაზრებები
  • როგორი იღებენ ყიდვის გადაწყვეტილებას
  • სად ყიდულობენ
  • ვინ ან რა ახდენს მათზე ზეგავლენას

მაგალითად, სტუდენტის ინტერესები, ყიდვის ქცევა, შემოსავლები განსხვავებულია 50 წლის ადამიანისგან. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სეგმენტის სწორი შეფასება.

ნაბიჯი 7 – შეადგინეთ მარკეტინგული გეგმა

მარკეტინგული გეგმა უნდა ეფუძნებოდეს თქვენს სამიზნე აუდიტორიას და ასახავდეს თქვენს ამჟამინდელ გადაწყვეტილებებს, თქვენს სამომავლო სტრატეგიას. ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი მიზნები, ხედვები, გეგმები და იდეები თქვენს სამიზნე სეგმენტს.

თქვენი მარკეტინგული გეგმა უნდა მოიცავდეს 4 ძირითად, საკვანძო პუნქტს და მკაფიოდ უნდა გქონდეთ განსაზღვრული თითოეული მათგანი. ეს მარკეტინგული მიქსია, 4P: Product, Price, Place, Promotion:

  • Product – პროდუქტი – რას ყიდით და რითია გამორჩეული სხვა მსგავსი პროდუქტებისგან ბაზარზე?
  • Price – ფასი- რა ღირს თქვენი პროდუქტი და რატომ უნდა გადავიხადო ეს თანხა?
  • Place -ადგილი – სად იყიდება ეს პროდუქტი
  • Promotion – როგორ მიიტანთ თქვენს პროდუქტს სამიზნე სეგმენტამდე?

Promotion მარკეტინგული გეგმის უფრო ფართო ნაწილი მიქსიდან, რომელიც საჭიროა, რომ სიღრმისეულად გაიაზროთ. დანარჩენი კი მოკლედ შეგიძლიათ ჩაშალოთ.

ნაბიჯი 8 – გაწერეთ ლოჯისტიკური და საოპერაციო გეგმა

ეს პუნქტი მნიშვნელოვანი ნაწილია თქვენი გეგმების რეალობაში მოსაყვანად, მიუხედავად იმისა, ეძებთ თუ არა დაფინანსებასა და ინვესტორებს. ამიტომ გაწერეთ შემდეგი საკითხები:

  • მომწოდებლები – ვინ არიან თქვენი მომწოდებლები და საიდან იღებ საჭირო ნედლეულს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • წარმოება – გჭირდება თუ არა წარმოება? რა დროა საჭირო პრიდუქციის საწარმოებლად? არის თუ არა დამოკიდებული სეზონი წარმოებაზე? რომელია ყველაზე დატვირთული პერიოდი წარმოებისთვის და სხვა დეტალები
  • ობიექტები – სად იმუშავებთ თქვენ ან თქვენი გუნდის წევრები? გჭირდებათ თუ არა დამატებითი ობიექტები (მაღაზია, საწარმო და ა.შ) და სად?
  • აღჭურვილობა– რა ინსტრუმენტები და ტექნოლოგია გჭირდებათ? (დაწერეთ ნებისმიერი წვრილმანი, რაც ამ საკითხთანაა დაკავშირებული)
  • მიწოდება და შესრულება – რამდენად უმკლავდებით თქვენი ან თქვენი გუნდის ძალებით ამოცანებს, არის თუ არა საჭირო დამატებითი, გარე რესურსების ჩართვა? თუ კი – რა სახის, რა მოცულობის?

ნაბიჯი 9- გაწერეთ ფინანსური გეგმა

თქვენი ფინანსურ გეგმა უნდა მოიცავდეს 3 მთავარი პუნქტს: შემოსავლები, ბალანსი და ფულადი სახსრები; საქმის გასამარტივებლად, აქვე გთავაზობთ ფინანსური ანგარიშგების ნიმუშს (გახსენით ბმული და იხილეთ ფაილი. რედაქტირებისთვის, შეგიძლიათ, დააკოპიროთ ფაილი და გამოიყენოთ სურვილისამებრ)

ფინანსურს დოკუმენტს ინვესტორებისთვის, ბანკებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გირჩევთ, კომპეტენტური პირები ან ორგანიზაცია დაიხმაროთ. აუდიტორულ კომპანია TMC-ის ამ მხრივ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.


ამ 9 ნაბიჯის გავლა, როგორც ხედავთ, არც თუ ისე მარტივია, განსაკუთრებით თუ ინვესტიციების მოზიდვა გჭირდებათ. რა თქმა უნდა, იდეალურია, თუ თქვენ დამოუკიდებლად შეძლებთ გეგმის შემუშავებას, თუმცა თუ გარისკვად არ გიღირთ, კომპეტენტური ადამიანების ჩართვაზეც არ უნდა თქვათ უარი. საქმიანობის დასაწყისში საიმედო მხარდაჭერის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიზნესის კეთება უამრავ მნიშვნელოვან ამოცანებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა საბუღალტრო და საგადასახდო საქმე, ფინანსები, იურიდიული საკითხები და ა.შ.

გააზიარეთ ბლოგი