რა მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობად?
ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები და ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია არის ნებაყოფლობითი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ეკონომიკური საქმიანობის სახეებს, რომელთა რეგისტრაცია სავალდებულოა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ესენია:
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე
- ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე
- ,,შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე
- შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოები.
ზემოაღნიშნული საქმიანობების დეტალური სია საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის კოდების მითითებით შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულზე:https://www.napr.gov.ge/ka/single-page/activities-requiring-registration
რეგისტრაცია და წარსადგენი დოკუმენტაცია/ინფორმაცია
სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციისათვის, სააგენტოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის შესახებ და სათანადო წესით შევსებული საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ინფორმაცია. ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციო საქმიანობის კონკრეტული სახე და სუბიექტის საქმიანობის ადგილის მისამართის შესახებ მონაცემები. გარდა ამისა, დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს:
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
- განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარმოადგენს დაინტერესებულ პირს)
საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.napr.gov.ge/ka/single-page/national-classifier
ყურადსაღებია, რომ მოხდეს ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართი) მითითება, სადაც ხორციელდება საქმიანობის კონკრეტული სახე. შესაძლოა, ასეთი ადგილი ერთი ან რამდენიმე იყოს. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სუბიექტის მიერ ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა რამდენიმე საქმიანობის ადგილზე, განცხადებაში უნდა მიეთითოს თითოეული საქმიანობის სახე საქმიანობის ადგილის (მისამართი) მიხედვით. თუ სარეგისტრაციო განაცხადში არ არის მითითებული ეკონომიკური საქმიანობის ადგილი (მისამართი), სადაც ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის კონკრეტული სახე, მიიჩნევა, რომ განცხადებაში აღნიშნული საქმიანობის სახე ხორციელდება სუბიექტის იურიდიულ მისამართზე.
ვადა
ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ერთი წლით რეგისტრაციის მომენტიდან. ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებულმა პირმა სააგენტოში არ წარმოადგინა მოთხოვნა რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.
რეგისტრაციის გაუქმება
ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია გაუქმდება, თუ სუბიექტი მიმართავს სააგენტოს ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ასევე გაუქმდება კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.